Search
Generic filters
პალმა ციკასი

ციკასი (Cicas revoluta) ანუ საგოვანა საგოვანთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია. ველურად,  გავრცელების ფართო არეალის მიუხედავად, მისი რიცხოვნობა ძალიან შემცირებულია და იშვიათად ნახულობენ. ბუნებაში შეიძლება შეხვდეთ იაპონიიდან მოყოლებული, მთელი სამხრეთ აზიის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპირო ზოლში და მადაგასკარზეც კი.

მარადმწვანე, ლამაზი ფორმის მცენარეა, რომელსაც ფორმის გამო პალმასაც უწოდებენ, თუმცა პალმას მხოლოდ გარეგნულად ჰგავს, კლასიფიკაციის მიხედვით კი შიშველთესლოვანია.

ჩვენს პირობებში, ძირითადად, საქოთნე მცენარედ ითვლება. ღია გრუნტში ხარობს ზღვისპირა რაიონებში, თბილ, ქარისაგან დაცულ ადგილებზე. მკაცრ ზამთარს, ამ პირობებშიც, ახალგაზრდა მცენარე მაინც ვერ უძლებს, ამიტომ ზამთარში შეფუთვა აუცილებელია. მოზრდილს ყინვა ასე ადვილად ვერ აზიანებს, თუმცა, უმჯობესია, მაინც შეიფთუოს.

ქოთანში მისი გამოზრდა ძნელი არ არის, თუმცა შესაფერის პირობებს მაინც მოითხოვს. ქოთანში ჩარგულმა საგოვანამ, ზამთრის გარდა, შეიძლება მთელი წელი გარეთ გაატაროს, გამოსაზამთრებლად კი დახურულ სივრცეში შემოაქვთ, სადაც გამათბობელი თუ არ იქნება, მზით მაინც გათბება და ტემპარატურა 4˚C-ზე ქვემოთ არ დაეცემა.

შენობაში ციკასს სჭირდება ნათელი ადგილი. ზაფხულის მწველი მზის სხივებისგან დაცული უნდა იყოს. ვერ იტანს ფესვებში წყლის ჩაგუბებას. მორწყვა ზაფხულში ზომიერი სჭირდება, ზამთარში კი, გარემოს ტემპერატურის მიხედვით, მინიმალური. ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის, თუმცა ფხვიერი და ნოყიერი ურჩევნია. კარგად ხარობს მაღალი ტენიანობის პირობებში, ამიტომ ცხელ დღეებში შესხურება მოუხდება.

ციკასი ძალიან მგრძნობიარეა გადარგვის მიმართ, ამიტომ, გადარგვისას, ქოთნიდან ამოღებული მცენარე მიწის დაუშლელად გადაქვაქვს. ახალგაზრდა მცენარე 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგას, ხნიერი კი იშვიათად, ან მიწის ზედაპირი უნდა გამოეცვალოს: მოვხსნით მიწის ზედა, გამოფიტულ ფენას და დავამატებთ ახალ, ნოყიერ მიწას.

ციკასის ერთი თავისებურებაა ის, რომ ახალი ფოთლები სეზონზე მხოლოდ ერთხელ ამოაქვს: გვიან გაზაფხულზე. ამ დროს სინათლე არ უნდა აკლდეს, რომ ფოთლები თავისუფლად გაიშალოს და დაგრეხილი ან ზრდადაუსრულებელი არ დარჩეს. ზრდისას კვებაც გაძლიერებული ესაჭიროება. ამიტომ, თუ ნოყიერ მიწაში არ გაქვთ ჩარგული, სასუქები ხელოვნურად მიაწოდეთ. ეცადეთ, რომ კალიუმის შემცველობა სასუქში მაღალი არ იყოს.ციკასი არ არის სწაფადმზარდი მცენარე. არც ადვილად მრავლდება. ჩვენს პირობებში მრავლდება მხოლოდ ძირიდან ამონაყრით. შვილეულ მცენარეს დედას მოაცილებენ მაშინ, როცა საკუთარი ფესვი ექნება განვითარებული. ამას კი რამდენიმე წელი სჭირდება. ახალგადარგულ მცენარეს განსაკუთრებულ მოვლას და პირობებს არ მოითხოვს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on skype
Share on telegram
ნივთი დამატებულია კალათაში. კალათის ნახვა