კაკალი – მყნობა, ნერგის გამოყვანა

0
6

კაკალი, ნიგვზის ხე, ერთ-ერთი საუკეთესო მერქნიანი მცენარეა, რომლის, თითქმის, ყველა ნაწილი _ ფოთლიდან ფესვამდე, უნიკალური თვისებებით ხასიათდება, აქვს უძვირფასესი საკვები თვისებების ნაყოფი _ ნიგოზი და შესანიშნავი მერქანი, _ შეუცვლელი საავეჯო მრეწველობაში, ფოთლები, მაღალი ფიტოსანიტარული თვისებებით, სანიტარულ-ჰიგიენური მიზნებისთვის (აფრთხობს ბუზებს, ჩრჩილის პეპლების და სხვა მწერებს, მასში შენახული ხორბალი დიდხანს არ ფუჭდება და სხვა). ფოთლის და წენგოს ნახარში მაღალხარისხოვანი  საღებავების დასამზადებლად. ქართული სუფრის მშვენება უმწიფარი წენგოსაგან მოხარშული კაკლის მურაბა, გოზინაყი, ჩურჩხელა და სხვა.

კაკლის ნაწილები გამოიყენება, როგორც მცენარეულ, ისე ხალხურ მედიცინაში. ძირითადან მისი ფესვებიდან მზადდება ინდივიდუალურად შეკვეთილი თოფის ძვირფასი კონდახები და სხვა მრავალი.

კაკალი გავრცელებულია: ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიაში, კავკასიაში, არაბეთში, ავღანეთში, შუა აზიასა და ჩინეთში. საქართველოში ნაპოვნია გეოლოგიურ სამარხებში, რაც მის აბორიგენულ წარმოშობაზე მიუთითებს.

ლიტერატურაში, მათ შორის „ვეფხისტყაოსანში“ კაკალი ხშირად ბერძნული კაკლის სახელითაა ცნობილი, რაც, თითქოს, ერთგვარ გაუგებრობას ბადებს, ეს უფრო მის წარმოშობასთან კი არა და ნაყოფის რეალიზაციასთან უნდა იყოს დაკავშირებული. კაკალი ჩვენში სახეობრივი სიუხვითაც გამოირჩევა, იგი საქართველოს ისტორიის ნაწილიცაა. სოფელ მარტყოფში XX საუკუნის 60-იან წლებამდე ხარობდა უზარმაზარი კაკლის ხე, რომლის ჩრდილქვეშ, გადმოცემით, გიორგი სააკაძეს მარტყოფის ბრძოლის შემდეგ სპარსეთის ლაშქარზე გამარჯვების ნადიმი გადაუხდია.

საინტერესოა, რომ ქართველი კაცი ოდითგანვე მისდევდა სასურველი ჯიშისა და სახეობის ხეხილის მყნობას, რადგან იცოდა, რომ თესლიდან აღმოცენებულ ხეხილის ხე დედის თვისებებს სრულად ვერ ავლენს, ემართება 50-60%-იანი ე.წ. ჯიშობრივი გათიშვა, ანუ თესლიდან აღმოცენებული კაკლის ნაყოფი შეიძლება დედისას არ დაემსგავსოს.

მყნობის, ანუ მცენარის ვეგეტაციური გამრავლების შემთხვევაში, ნამყენი იმეორებს დედის, ანუ სანამყენე ხიდან აღებული კვირტის თვისებებს. გადახრა, თითქმის არ არსებობს, ან სრულიად უმნიშვნელოა.

დღეს უკვე მსოფლიოში კაკლის მყნობის რამდენიმე მეთოდი არსებობს: მილისებრი, ფარისებრი, კვირტით და ე.წ. ვაზისებრი.

კაკლის დასამყნობად შექმნილა სპეციალური სამარჯვები და ხელსაწყოები.

გასული საუკუნის 70-იან წლებში მოლდავეთში დაამუშავეს კაკლის ვაზისებურად მყნობის მეთოდი, რამაც. კარგი შედეგი გამოიღო. აღნიშნული მეთოდით მყნობისთვის მოლდავეთში მაშინ საჭირო ხელსაწყოც კი შეიქმნა. აღნიშნული მყნობის შედეგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კაკლის ნამყენი ნერგი, თესლისგან ამოსული ნერგისგან განსხვავებით (მსხმოიარობის დასაწყებად სჭირდება 8-10 წელიწადი)  მე-2, მე-3 წელიწადს მსხმოიარობს. ამასთან ნამყენის მსხმოიარობა თავიდანვე ინტენსიურია, როცა თესლიდან ამოსული ნერგის უხვმოსავლიანობა 20-30 წლის შემდეგ იწყება და 100-150 წელს გრძელდება. ნამყენისთვის მსხმოიარობის ხნოვანების ზედა ზღვარი დადგენილი არ არის.

საქართველოში კაკლის კვირტით, მილისებრი და ფარისებრი მეთოდით ამყნობენ ივლის-აგვისტოში. ამ პერიოდში დამყნილი და გახარებული კვირტები ორი-სამი კვირის შემდეგ იწყებს ზრდა-ვეგეტაციას და კვირტიდან გამოსული ნაზარდი 10-15 სმ. აღწევს, ასწრებს მომწიფებას და ადვილად იტანს გამოზამთრებას.

მყნობამდე წარმოებს საძირეების და სანამყენე მასალის მომზადება. მყნობისთვის ვარგის მასალად ითვლება ერთწლიანი ნაზარდი, რომლის ძირის სისქე (დიამეტრი) უნდა იყოს არანაკლებ 10-12 სანტიმეტრი. თუ ერთწლიანი ფესვ-ნერგის დიამეტრი ნაკლებია, გამოიყენება წინა წლების 2-3 წლის ნაზარდები, რომლებიც შემოდგომა ან ადრე გაზაფხულზე მიწისპირზე უნდა გადაიჭრას. თუ ფესვის ყელიდან რამდენიმე ნაზარდი წამოვიდა, საჭიროა ერთ-ერთი მათგანის, ყველაზე ძლიერის დატოვება. სანერგის კარგად მოვლის პირობებში, დარჩენილი ღერების დიამეტრი სასურველი 10-12 სმ. დიამეტრი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here