ლავანდა (ლათ: Lavandulla)  მრავალწლოვანი ბალახოვანი ბუჩქია. წარმოშობით ხმელთაშუაზღვის აუზის მცენარეა. ტუჩოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. ბუნებაში სახეობები ორმოცზე მეტია. საქართველოში ველურად არ გვხვდება.

სიმაღლე სახეობების მიხედვით განსხვავებული აქვს. დამახასიათებელია ვიწრო ლანცეტა ფოთლები და მონაცრისფრო ან ვერცხლისფერი შეფერილობა. ყვავილების შეფერილობა მოცისფროდან მელნისფერამდე. ყველა სახეობა ეთერზეთოვანია, ასევე თაფლოვანი; ყვავილობისას იზიდავს დამმტვერავ მწერებს და მის ირგვლივ უამრავი ფუტკარი თუ პეპელა დაფრინავს.

ძვირფასი ეთერზეთების შემცველობის გამო უდიდესი პლანტაციებია გაშენებული საფრანგეთში (პროვანსში), უნგრეთში, იაპონიაში, არაბულ ქვეყნებში. საქართველოშიც გვაქვს ლავანდის პლანტაცია ლაგოდეხის რაოინის სოფელ ნუკრიანში, სადაც ყვავილობისას ტურები ეწყობა და მსურველები ახლოს ეცნობიან ამ მცენარის უნიკალურ თვისებებს.

კულტურაში მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. გამოყვანილია უამრავი ჯიში სხვადასხვა ჰავის, ყვავილის შეფერილობისა (თეთრიდან მუქ მელნისფერამდე ფერთა გამით) თუ საწარმოო დანიშნულების გათვალისწინებით. ამის საფუძველზე ლავანდები პირობითად 4 ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ინგლისური ტიპის, ფრანგული, ჰოლანდიური და საქოთნე.

ინგლისური ტიპის ლავანდები საშუალო ზომისაა, ბუჩქი კომპაქტურია. ასეთი ჯიშები ზამთარში დეკორატიულობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ კარგი ყინვაგამძლეებია. ფრანგულ ჯგუფთან შედარებით ნაკლები ეთერზეთების შემცველობისაა, თუმცა სურნელებას ვერ დაუწუნებთ. საყვავილე ღერო საშუალო სიმაღლისაა, ყვავილედი კომპაქტურია, არც ისე დიდი ყვავილედით.

ფრანგული ჯგუფის ჯიშებს აშენებენ პლანტაციებად. დანიშნულებიდან გამომდინარე, ხასიათდება ეთერზეთების მაღალი შემცველობით. ეს ჯიშები მოზრდილებია, სავეგეტაციო პერიოდში ფუმფულა მრგვალი ფორმის იზრდება და მზისგან ვერცხლისფერდება. საყვავილე ღეროები მაღალი აქვს, კენწეროში დიდი ყვავილედით. ნაკლებად ყინვაგამძლეა, თუმცა საქართველოს ბარში ზამთრობა არსად არ უჭირს. მოსავალს (ყვავილედებს) გადაყვავილებისთანავე იღებენ. ზეთს ძვირფასი სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულება აქვს.

ჰოლანდიური ჯგუფი სუფთა დეკორატიული დანიშნულებისაა. ის ახალი გამოყვანილი ჰიბრიდებისგან შედგება და მრავალფეროვნებით ვერ დაიტრაბახებს. ახასიათებს მაღალი ზრდა (2 მ.-მდე) და სიგანეში დიდი მოცულობა.

საქოთნე ჯგუფი, გასაგებია, ისეთ ჯიშებს გულისხმობს, რომლებიც კარგად ძლებენ ქოთნის შეზღუდულ პირობებში. ასეთი ბუჩქები პატარა ზომისაა, მკვეთრი სურნელის გარეშე და მსხვილი ყვავილედით. ყვავილების ფერი თეთრის, ვარდისფერისა და მელნისფერის სხვადასხვა ტონები შეიძლება იყოს. ქოთანშივე იზამთრებს და ზაფხულის ძალაში შესვლის შემდეგ იწყებს სხვა ჯგფებთან შედარებით ხანგრძლივ ყვავილობას.

ლავანდა, მოვლის მხრივ, პრეტენზიული არ არის. მისთვის მთავარია, იზრდებოდეს მზიან ადგილას და ჰქონდეს ფხვიერი ნიადაგი. ვერ იტანს ზედმეტ სასუქებს და სულაც რომ არ მისცეთ, არაფერს შეიმჩნევს. ასევე ვერ ეგუება მჟავე ნიადაგს და ზედმეტ წყალს. მავნებელ-დაავადებების მიმართ მეტად გამძლე და უპრობლემო მცენარეა. მის მოვლაში ძირითადად იგულისხმება დროული გადაჭრა წელიწადში ორჯერ და ხანგრძლივი გვალვების დროს მორწყვა. ლავანდას პირველად ჭრიან გაზაფხულზე, ზდის დაწყებამდე. იჭრება ისე, რომ ბუჩქზე დარჩეს შარშანდელი ტოტების 4-5 სმ. მეორედ კი გადაყვავილების შემდეგ ჭრიან საყვავილე ღეროებს. ასე, თბილი შემოდგომის პირობებში, შეიძლება მეორედაც აყვავდეს.

მოჭრილი ყვავილედები შეგიძლიათ გააშროთ და სურნელოვანი დანიშნულებით გამოიყენოთ: დაფშვნილ ყვავილებს ტომსიკაში ყრიან და გარდერობში ან თეთრეულში დებენ. როცა შეხებისას ლავანდა სუნს გამოსცემს, იქ ჩრჩილები ვერ ჩერდებიან. ლავანდას სურნელი ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს და, როგორც ამბობენ, ძილსაც აუმჯობესებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on skype
Share on telegram
  • რეგისტრაცია
გთხოვთ შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტის მისამართი ქვემოთ მოცემულ ველში, ჩვენ გამოგიგზავნით ლინკს ახალი პაროლის შესაქმენლად.