Search
Generic filters
ოლეანდრა

ოლეანდრი Nerium oleander ევრაზიის სუბტროპიკული ზონის მარადმწვანე, ხეშეშფოთლიანი დიდი ბუჩქი ან პატარა ხეა. ბუნებრივად მისი ყვავილი ვარდისფერია, ზოგჯერ თეთრი. ყვავის უხვად მთელი ზაფხულის განმავლობაში, რაც მისი მთავარი დეკორატიული ღირსებაა. გამოყვანილია კულტივარები სხვადასხვა შეფერილობით: თეთრი, კრემისფერი, ატმისფერი, ვარდისფერისა და წითლის სხვადასხვა ტონებით. არის როგორს სადა, ისე ბუთხუზაყვავილიანი ჯიშები.

ოლეანდრი სითბოს მოყვარული მცენარეა. ზამთრის ხანმოკლე ყინვას კარგად უძლებს, მაგრამ თუ გახანგრძლივდა, იყინება. თოვლიანი ზამთრის პირობებში ეყინება ტოტების წვეროები და ფოთლები, თუმცა გაზაფხულზე დაზიანებებს ადვილად მოიშუშებს. გვალვის ამტანია, მაგრამ, წყლის ნაკლებობისას ყვავილობის ხანგრძლივობა მკვეთრად მცირდება. ჰაერის სიმშრალეს კარგად ეგუება, ამიტომ, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მცენარეებს შორის, რომლებიც თბილისში ხანგრძლივად ყვავილობენ. ოლეანდრი ცნობილია, როგორც ძლიერ შხამიანი მცენარე. არის ისტორიული ფაქტები, რომ მას იყენებდნენ მოსაწამლად, ან უნებურად იწამლებოდნენ. ასე მაგალითად: ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეში იმიტომ დამარხცებულა, რომ ოლეანდრი ცეცხლის დასანთებად და

შამფურებად გამოუყენებიათ ჯარისკაცებს. არაბებმა დრო იხელთეს და ადვილად გაუსწორდნენ მოწამლულ დამპყრობლებს.

ოლეანდრის წვენი მართლაც შეიცავს ძლიერმოქმედ ნივთიერებებს (რომლებიც მოქმედებს გულზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე). ისინი, დიდი დოზით შიგნით მიღებისას, მძიმე მოწამლას იწვევს, რომელიც, შესაძლებელია, გამოუსწორებელი შედეგით დამთავრდეს. ასეთი მოქმედება ახასიათებს მხოლოდ მის წვენს, და მხოლოდ ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში. ამიტომ, ოლეანდრის მტრობა და მის მიმართ კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება გაუმართლებელია. მხოლოდ მისი წვენის თვალში, ცხვირში და პირში (იგულისხმება კუჭშიც) მოხვედრას უნდა მოვერიდოთ და ბავშვებიც მოვარიდოთ. სხვა მხრივ კი, ზოგადად, მცენარეებს ადამიანებზე თავდასხმა არ ახასიათებთ.

ოლეანდრი მზის მოყვარული მცენარეა, ნახევარჩრდილსაც ეგუება. უყვარს მყუდრო ადგილი, თუმცა ქარსაც აიტანს, თუ ის მეტისმეტად გამყინავი არ არის. ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ სრულიად უპრეტენზიოა. კარგად იზრდება ფხვიერ, მსუბუქ ნიადაგებზე.  ურჩევნია ჰაერის მაღალი ტენიანობა. ზამთრის ყინვისგან დასაცავად, თუ თუ თოვლი ხანგრძლივი არ იცის, შეიძლება მისი შეფუთვა. თოვლიანი ზამთრის გადატანა უჭირს. ვერ იტანს ზედმეტ წყალს.

ოლეანდრი უხვად ყვავის გასული წლის ტოტებზე. ამის გათვალისწინება ფორმირებისას აუცილებელია. შარშანდელი და უფრო ხნიერი ტოტები ისე უნდა გამოვხშიროთ ან გადავჭრათ, რომ ბუჩქს მივცეთ საშუალება, ბევრი ახალი ტოტი განივითაროს, რომელიც გაისად აყვავდება. ამიტომ ფორმირება რეკომენდებულია გადაყვავილებისთანავე.

ოლეანდრს, სხვა დასაფასებელ თვისებებთან ერთად, აქვს ის უნარიც, რომ შეეგუოს ქოთნის პირობებს, ამიტომ აივნებისა და ტერასების გასამშვენებლადაც გამოდგება. ქოთანში ისეთი ხშირი ბუჩქი ვერ განვითარდება, როგორც ღია გუნტში, მაგრამ ზრდა-განვითარება და ყვავილობაც დამაკმაყოფილებელი აქვს.

ოლეანდრი მრავლდება თესლით, რომლის აღება შემოდგომიდან გაზაფხულამდე შეგიძლიათ, ყვავილებიდან განვითარებული ვიწრო და გრძელი კოლოფებიდან. თესავენ გაზაფხულზე. ასევე ადვილად მრავლდება ზაფხულის კალმებით და გაზაფხულზე ბუჩქის დაყოფით. კალმები ადვილად ფესვიანდება წყალშიც და ნებისმიერ დასაფესვიანებელ სუბსტრატშიც.

საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის

საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი და სამების მებაღე მაია ქურდაძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on skype
Share on telegram
ნივთი დამატებულია კალათაში. კალათის ნახვა