იაპონური ნეკერჩხლები განსაკუთრებული დეკორატიულობით გამოირჩევიან.
ამ დასახელებაში ორი ბოტანიკური სახეობა მოიაზრება: Acer japonicum: იაპონური ნეკერჩხალი და Acer palmatum: მარაოსებრი ნეკერჩხალი. ამ სახეობებიდან კიდევ სახესხვაობებია გამოყვანილი სხვადასხვა ჯიშების სახით. ორივე სახეობა, ბუნებაში, იაპონიის გარდა, იზრდება კორეასა და აღმოსავლეთ ჩინეთში. ორივე, როგორც ბოტანიკური სახეობები, ისე მათი კულტივარები, ნელამზარდი მცენარეებია. შემოდგომის შეფერილობა მეტად ეფექტური აქვთ: მწვანეფოთლიანები ოქროსფერ-ყვითელი, ნარინჯისფერი ან მეწამული წითლები ხდებიან, წითელფოთლიანები კი ძოწისფრად იფერებიან, ზოგს მელნისფერიც დაჰკრავს. ზოგი მწვანეფოთლიანი კულტივარი კი საგაზაფხულოდაც ფერადდება: ახალი ფოთლები სალათისფერი ან წითელი გამოსდის, რომლებიც გაშლის შემდეგ ჩვეულებრივ ფერს იღებს.
იაპონური ნეკერჩხლები ფოთოლმცვენი პატარა ან საშუალო ზომის ხეებია, ან ბუჩქები. ფოთლები ძლიერად აქვთ დანაკვთული, რაც განუმეორებელ იერსახეს აძლევს ორივე სახეობის მცენარეებს. ფოთლებიც ფერიც, ფორმასთან ერთად, არანაკლებ ეფექტურია. იაპონური სახეობის კულტივარების ფოთლები წითლის სხვადასხვა ტონალობით გამოირჩევიან. ცნობილია 4 ქვესახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან ფოთლების ზომით, დანაკვთულობითა და შეფერილობით განირჩევიან.
მარაოსებრი ნეკერჩხლებიც პატარა ხეები ან საშუალო ზომის ბუჩქებია. ხეებს მსხვილი ვარჯი აქვთ. ფოთლები იაპონურ სახეობაზე უფრო ძლიერ დანაკვთული და ფერადია. ზოგჯერ, კულტივარების შემთხვევაში, ფოთოლში რამდენიმე ფერი შეიმჩნევა, განსაკუთრებით შემოდგომით. არის ჭრელფოთოლა ჯიშები: თეთრ-მწვანე ან ყვითელ-მწვანე. ისინი შემოდგომით არ წითლდებიან. ორივე სახეობის ნეკერჩხლები ძალიან მგრძნობიარეები არიან ქარის მიმართ. თუ ქარს ჰაერის სიმშრალეც ემატება, ფოთლები წვეროებიდან ხმობას იწყებს, ქარისგან იხევა, ნახევრად ცვივა და მცენარე დეკორატიულობას სრულიად კარგავს. საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეებია, მთავარია ქარისგან დაცულ ადგილას დაირგას. ნიადაგი ნოყიერი და წყლის კარგი გამტარი უნდა ჰქონდეს, ნეიტრალური ან სუსტად მჟავე რეაქციის. მორწყვა ზომიერი სჭირდება, ხანგრძლივ გვალვას ცუდად იტანს: ფოთლები ეჭმუხნება და ეტრუსება. მზით განათებული ადგილი აუცილებელი პირობაა წითელფოთლიანი ჯიშებისთვის, მწვანეფოთლიანებისთვისაც საშემოდგომო შეფერილობას მზის სხივები განაპირობებს. მზის პირდაპირ სხივებს არ მოითხოვს მხოლოდ ჭრელფოთოლა კულტივარები, თუმცა კარგი განათება მათთვისაც აუცლებელია.
ნაზფოთლიანი ჯიშები ზაფხულის მწველ მზეს ცუდად იტანენ, ამიტომ მათთვის დასავლეთის მზიანი ადგილი უნდა შევარჩიოთ.
ნეკერჩხლები დაავადებების მიმართ მიდრეკილებით არ გამოირჩევიან, მავნებლები კი ძალიან იშვიათად ეტანებიან. წყლის სისტემატიური ნაკლებობით ფესვებზე სოკოვანი დაავადება უვითარდებათ, რომელიც ხშირად მცენარის დაღუპვის მიზეზი ხდება. ჭარბი ტენიანობისგან კი შეიძლება ნაცარი დაემართოთ.
გადარგვას ცუდად იტანენ, ფესვებზე შემწოვი ბუსუსების დაზიანება გამოუსწორებელ ზიანს აყენებთ. პატარა ზომის ჯიშები ქოთნის პირობებსაც ეგუებიან, რადგან ნელამზარდები არიან. იაპონური ნეკერჩხალი ადვილად ფორმირდება და მისგან ლამაზი ბონსაი გამოდის.
მრავლდება თესლით ან მყნობით.
საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის
საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი, სამების
საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე