Search
Generic filters
კიპარისი

კვიპაროსი (Cupresus) კვიპაროსისებრთა ოჯახის წიწვოვანი ხეა. ამ გვარის სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენელია. სახეობების მიხედვით, მეტნაკლებად, განსხვავებულ პირობებში ხარობენ. კვიპაროსის ყველა სახეობა მზის მოყვარულია, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა ახასიათებს და მავნებელ-დაავადებების მიმართ ყველაზე მეტი მდგრადობა, სხვა წიწვოვნებთან შედარებით. ე. ი. კვიპაროსი ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო მცენარეა მოვლის მხრივ. თითქმის ყველა სახეობა

მაღალი, ძლიერი ხეებია. წიწვები ქერქლისებური აქვთ, გირჩები კი ბურთისებრ მრგვალი. მისი მერქნიდან კი ფისის დენა არ ხდება, თუ ძალით არ დაზიანდა.

კვიპაროსის რბილ და მსუბუქ მერქანს ადამიანი უძველესი დროიდან იყენებდა სამშენებლოდ. სოლომონის ტაძრის იატაკი კვიპაროსის ხის ყოფილა. ეგვიპტეში მისგან სარკოფაგებს ამზადებდნენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნოემ კიდობანი კვიპაროსისგან ააგო. ჩვენში ყვლაზე ხშირად შეხვდებით მარადმწვანე კვიპაროსს (C. Sempervirens), რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზიდანაა წარმოშობით. რადგან ამ სახეობას ლათინურად  მარადმწვანე ჰქვია, არ ნიშნავს, რომ სხვა სახეობებს წიწვი სცვივა. იგი კარგად ეგუება საქართველოს ბარის პირობებს და უხსოვარი დროიდან იზრდება. ეს სახეობა ორი ფორმით გვხვდება: პირამიდული და ჰორიზონტალური. ისინი მხოლოდ ფორმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ერთს ვიწრო ვარჯი აქვს, ხის ტანის გასწვრივ მზარდი ტოტებით; მეორეს კი ტოტები გაშლილი,

ტანის პერპენდიკულარულად ეზრდება. წიწვები მუქი მწვანე ფერისაა, სუსტი სურნელით. ახასიათებს პერიოდული ცვენა როგორც ქერქლის, ისე პატარა ტოტების. ამ სახეობის კვიპაროსების ქვეშ ყოველთვის ნახავთ ჩამოცვენილი ქერქლისა და ტოტების მშრალ ფენას, რომელიც სხვა მცენარეების გახარებას ხელს უშლის. ამიტომ, მის ქვეშ სხვა მცენარe, როგორც წესი, ვერ იზრდება. მაადმწვანე კვიპაროსის ორივე ფორმა სიმშრალის კარგი ამტანია. ხანმოკლე პერიოდით ძლიერ ყინვებსაც ადვილად უძლებს, -25C˚-მდე. ნიადაგის მიმართ სრულიად უპრეტენზიოა, მხოლოდ ზედმეტ წყალს ვერ იტანს, ლპება. ფესვის მთავარი ღერძი ხრახნისებრი ფორმისაა, არც ისე ღრმად ჩადის მიწაში, გვერდითი ფესვები კი ჰორიზონტალურად, ბადესავით ფარავს მიწის ზედა ფენას. ასეთი ძლიერი მოჭიდების გამო ქარსაცავ ზოლებში გამოიყენება, მხოლოდ სხვა მცენარეებთან შერეულ ზოლებში. ფხვიერ, მშრალ ნიადაგზე მზარდ, ცალკე მდგომ კვიპაროსს ძლიერი ქარი ზოგჯერ ერევა და ფესვებიანად აქცევს. სხვა სახეობებიდან ჩვენში კულტივირებულია და კარგი ზრდით ხასიათდებიან: არიზონის, ლუზიტანური, ჰიმალაის კვიპაროსები. მათ უფრო ძლიერი ფესვთა სისტემა აქვთ და ძლიერი ქარებისაც არ ეშინიათ. არიზონისა და ჰიმალაის კვიპაროსები მარადმწვანე სახეობაზე მეტად სიცივის ამტანები არიან. ლუზიტანური გვალვას ვერ იტანს, მისგან კვიპაროსის ძვირადღირებულ ეთერეთს ამზადებენ. არიზონის კვიპაროსი წლის ცივ სეზონებში სურნელოვანია.

კვიპაროსების სახეობებიდან მრავალი ჯიშია გამოყვანილი. ისინი სახეობებისგან ზრდის ფორმით ან ფერით განსხვავდებიან. არის ვერცხლისფერი, ოქროსფერშერეული, ვიწრიპირამიდული ფომის ან დაბალმზარდი კულტივარები. აღნიშვნის ღირსია ე. წ. ლიმონის კვიპაროსი Cupressus macrocarpa-ს ანუ მექსიკური კვიპარროსის კულტივარი, რომელიც ციტრუსის არომატით გამოირჩევა. იგი შედარებით მცირე ზომის იზრდება და ქოთნის პირობებსაც ეგუება, სხვა სახეობებისგან განსხვავებით. სითბოს

მოყვარული მცენარეა და აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში, მკაცრ ზამთარში, ადვილად ზიანდება ყინვებით, დასავლეთის რბილ კლიმატს კი ადვილად იტანს და კარგად იზრდება. ქოთანში მოზარდი, ზამთარში, უმჯობესია, დახურულ სივრცეში შემოვიტანოთ, თუმცა, გათბობა არ დასჭირდება და დადებით ტემპერატურაზე, მზიან ადგილას ადვილად გამოიზამთრებს. კვიპაროსის სახეობები ადვილად მრავლდება თესლით. მისი გირჩი მეორე წელს მწიფდება. სექტემბერ ოქტომბერში მწვანე ფერიდან მუქ,მერქნის ფერში იწყებს გადასვლას და გახსნას, რა დროსაც თესლი იპნევა. სწორედ ამ დროს ხდება მისი მოგროვება. გირჩებს წყვეტენ და მშრალ ადგილზე ალაგებენ, თავისით დამსკდარი საგდულებიდან გადმოპნეულ თესლს ინახავენ და გაზაფხულზე თესავენ. აღმოცენებისუნარიანობა ძალიან მაღალია. კულტივარები, ნიშან-თვისებების შესანარჩუნებლად, უმჯობესია გამრავლდეს კალმით. ამ შემთხვევაში გახარების შესაძლებლობა შედარებით ნაკლებია, მაგრამ ახალი მცენარე დედის თვისებებს ინარჩუნებს.

საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის

საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი და სამების

საპატიარქო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on skype
Share on telegram
ნივთი დამატებულია კალათაში. კალათის ნახვა