ხეტუხტი ანუ სირიული ვარდი

ლათ: Hibiscus syriacus. მერქნიანი ფოთოლმცვენი ბუჩქია, ბალბისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ბუნებრივად იზრდება მცირე აზიაში და ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ აზიაში, ჩინეთსა და კორეაშიც კი.

6 მეტრამდე სიმაღლის იზრდება, ძლიერად დატოტვილი, მკვრივმერქნიანი ტოტები ხშირი შეფოთვლით ხასიათდება. ყვავილების ბუნებრივი შეფერილობა მოვარდისფრო თეთრი ან მუქი ვარდისფერია, მოწითალო გულით. კულტივარების ყვავილები კი უამრავი შეფერილობისაა ფერთა ამ გამაში: თეთრიდან შინდისფერამდე, სადა ან ბუთხუზა ფორმის.

სირიული ვარდის ანუ ხეტუხტის მთავარი ღირსება ხანგრძლივი და უხვი ყვავილობაა: ყვავის მთელი ზაფხულის განმავლობაში. გარემო პირობებისადმი უპრეტენზიოა, მხლოდ გასათვალისწინებელია, რომ იმ ადგილებში, სადაც ძლიერი ყინვები იცის, სუსტად იზრდება და სუსტად ან საერთოდ არ ყვავის. ადვილად იტანს ხანგრძლივ გვალვებს, ჰაერის დაბალ ტენიანობას, ქალაქის დაბინურებულ გარემოს. ამიტომ თბილისისა და რუსთავის გამწვანებისთვის საუკეთესო მოყვავილე ბუჩქია. კარგი პირობების შექმნისას კი თავის ამ საუკეთესო თვისებებს სრული სისავსით ავლენს. ეს პირობებია: მზიანი ადგილი, შეძლებისდაგვარად ქარისგან დაცული; ნოყიერი, ფხვიერი ნიადაგი და ზომიერი მორწყვა. ვერ იტანს მაღალ გრუნტის წყლებს. ჩრდილში ყვავილობა მცირდება, რაოდენობრივადაც და დროშიც.

ფომირება თითქმის არ სჭირდება, მხოლოდ ზედმეტად ჩახშირებული ტოტების გამოჭრა და სიგრძეში გადაზრდილი ტოტების დამოკლება გაზაფხულზე. ბოლო დროს ხშირად შეხვდებით შტამბის ფორმით გაზრდილ ხეტუხტებს. ეს ლამაზი მცენარეები სიცოცხლის პირველ წლებში ქარისგან უნდა დავიცვათ, სანამ შტამბს გაიმაგრებენ და დამოუკიდებლად შეძლებენ დაუზიანებლად გაუძლონ ძლიერ ზეწოლას. შტამბიანი ფორმის მცენარისთვის, უმჯობესი იქნება, თუ ტოტებს ყოველწლიურად დავუმოკლებთ, გამოვხშირავთ და ავიცილებთ არაპროპორციულად დიდი ვარჯის განვითარებას. ამ მცენარისგან გეომეტიული ფორმის კრეჭილი ნარგავების შექმნაც შეიძლება, თუმცა, ამ შემთხვევაში, ყვავილობას მთავარი როლი არ ექნება.

ხეტუხტის გახარებას ხშირად ქოთანშიც ცდილობენ, აივნებისა და ვერანდებისთვის. პატარაობაში ასეთ პირობებს კარგად იტანს, იზრდება და, ინტენსიურად ვერა, მაგრამ საშუალოდ ყვავის. თუმცა, რამდენიმე წელიწადში, როცა მცენარე გაიზრდება და გაძლიერდება, ქოთნის პირობები ვეღარ ჰყოფნის და იჩაგრება: მეჩხერდება და ყვავილობას მინიმუმამდე ამცირებს.

ხეტუხტი ადვილად მრავლდება როგორც თესლით, ისე კალმით. ჰიბრიდული ჯიშების დათესვისას, რასაკვირველია, ჯიშური ნიშან-თვისებების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცემა შვილეულ მცენარეს და ყვავილობასაც რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყებს. ამიტომ კალმით გამრავლება უკეთესი მეთოდია. ნახევრადგამერქნებულ კალმებს ადვილად აფესვიანებენ წლის თბილ პერიოდში. უკეთესია, თუ დაფესვიანებისთვის ამ სუბსტრატებს გამოიყენებთ: მდინარის გარეცხილ ქვიშას, ტორფს, პერლიტს ან მათ ნაზავს. დაფესვიანებული ახალი მცენარეები მხოლოდ მომავალ წელს შეიძლება გადაირგას კონტეინერში, ქოთანში ან მუდმივ ადგილზე, როცა ფესვთა სისტემა კარგად ჩამოყალიბდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on skype
Share on telegram
  • რეგისტრაცია
გთხოვთ შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტის მისამართი ქვემოთ მოცემულ ველში, ჩვენ გამოგიგზავნით ლინკს ახალი პაროლის შესაქმენლად.