ვერცლისფერი (ცისფერი) ნაძვი

ლათ: Picea pungens, f. glauca. სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მჩხვლეტავი ნაძვი, ფორმა ცისფერი“.

სამშობლო:  ჩრდ. ამერიკის დასავლეთი ნაწილი. იქ ტენიანნიადაგიან ხეობებში იზრდება. საშუალოდ 30 მ. სიმაღლის ხეა. ცალკეული ეგზემპლარები შეიძლება 40 მ.-ზე მაღალიც გაიზარდონ. აღსანიშნავია მისი ვარჯის არამხოლოდ ეფექტური ფერი, არამედ დეკორატიული ფორმაც: ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხეები კონუსური ფორმისაა, ზრდასრული კი ცილინდრულ ფორმას იღებს, ლამაზად მორკალული ტოტებით.

ვერცხლისფერი ნაძვის კულტივარები, სელექციის წყალობით, სხვადასხვა ინტენსივობით შეფერილი ცისფერ-ვერცხლისფერი წიწვებით, განუმეორებელ იერს აძლევს ყველა ასაკის ხეს. ამ ნიშან-თვისებების გამო, გამწვანებაში ძალიან მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. გამოყვანილია სხვადასხვა შეფერილობის, ვარჯის განსხვავებული ფორმისა და სიდიდის ჯიშები, საშუალო სიმაღლის და ჯუჯა კულტივარები.

სხვა ნაძვებისგან განსხვავებით, ვერცხლისფერი ნაძვი თბილისის მშრალ ჰავას და ზაფხულის სიცხეს კარგად ეგუება. ვარჯის კარგი ზრდისათვის ზომიერი რწყვა აუცილებელი პირობაა. წყლის ნაკლებობისგან ტოტები მეჩხერდება, შიდა წიწვები ხმება და სცვივა, მთლიანად ხე კი დეკორატიულობას სრულიად ჰკარგავს.

მცენარის ინტენსიური შეფერილობისთვის აუცილებელია, რომ დარგვის ადგილი მზით იყოს უზრუნველყოფილი. მწვანე ნაძვებისგან განსხვავებით, ვერცხლისფერ ნაძვს მზე აძლევს თავისი სილამაზის სრულად წამოჩენის შესაძლებლობას. მზით განათების გარეშე შეფერილობა ფერმკრთალდება, შეიძლება სრულიად გამწვანდეს კიდეც და მოვერცხლისფრო შეფერილობა მხოლოდ ტოტების ზრდის წერტილებში შერჩეს. მზეზე მოზარდი ვერცხლისფერი ნაძვის წიწვებიც შეიძლება გამწვანდეს, მხოლოდ ტოტების შიდა, დაჩრდილულ ადგილებში, რაც ერთი შეხედვით სრულიად არ ჩანს და ხის საერთო ეფექტს არაფერს აკლებს.

გარდა მზიანი ადგილის შერჩევისა და მორწყვისა, ვერცხლისფერი ნაძვის მოვლა შეიძლება მოიცავდეს სწორ ფორმირებას. ჯუჯა და მაღალდეკორატიული ჯიშები ამას არ მოითხოვს, მაგრამ მცირე კორექცია შეიძლება მათაც დასჭირდეთ. ფორმირება გულისხმობს ადრე გაზაფხულზე ზედმეტად წაგრძელებული ტოტების დამოკლებას ვარჯის საერთო ზედაპირის დონეზე, ან არაპროპორციულად ჩახშირებული ტოტების გამოჭრას. ასევე, თუ საწყის ეტაპზე არ გვაწყობს ნაძვის ინტენსიური ზრდა, შეგვიძლია გავკრიჭოთ. ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ კონუსური ფორმის შეცვლა და არაბუნებრივი ფორმის მიცემა ნაძვს არ მოუხდება და შეიძლება გამოუსწორებელი ზიანიც მიადგეს.

ზამთრის ყინვებს, ისევე როგორც ყველა ნაძვი, ვერცხლისფერიც ადვილად იტანს. მხოლოდ, უნალექო ზამთარში აუცილებლად დასჭირდება მორწყვა. მშრალი პერიოდის გათვალისწინებით დაახლოებით 3-4 კვირაში ერთხელ. ვერცხლისფერ ნაძვს ამრავლებენ თესლით, კალმით და მყნობით. გამრავლების მაღალ პროცენტს არცერთი მეთოდი არ იძლევა, თუმცა პირობების დაცვის შემთხვევაში ახალი მცენარის სიცოცხლისუნარიანობის შესაძლებლობა გაცილებით მაღალია. დასევის შემთხვევაში თესლმა უნდა გაიაროს სტატიფიკაცია, ე. ი. ცივი პერიოდი, რომლის დროსაც ხდება თესლკვირტის მომწიფება ახალი მცენარის აღმოსაცენებლად. დაკალმებისას გასათვალისწინებელია, რომ დაფესვიანებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 18-20 C0 და 25 C0-ზე ზემოთ ეს პროცესი სრულიად ჩერდება. კალმებად იღებენ ერთი წლის კენწრულ ღონიერ ყლორტებს. როგორც ყველა წიწვოვნის, ისე ვერცხლისფერი ნაძვის კალამიც, უმჯობესია, ქუსლიანი იყოს, ე. ი. მთავარ ტოტს უნდა ჩამოვაცალოთ ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით, რა დროსაც მთავარი ტოტის მერქნისა და კანის მცირე ნაწილი თან მოჰყვება. დაფესვიანება გრძელდება რამდენიმე თვე და, შეიძლება, მთელი წელიც დასჭირდეს. მყნობით გამრავლებისას საძირედ სხვა, ადგილობრივი პირობების ამტანი სახეობა გამოიყენება. მყნობის შემთხვევაში, შეხორცების კოეფიციენტი მაღალი არ არის.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on skype
Share on telegram
  • რეგისტრაცია
გთხოვთ შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტის მისამართი ქვემოთ მოცემულ ველში, ჩვენ გამოგიგზავნით ლინკს ახალი პაროლის შესაქმენლად.