როზმარინი

ლათ: Rosmarinus officinalis. მარადმწვანე მერქნიანი ბუჩქია ტუჩოსანთა ოჯახიდან. ისიც, ლავანდას მსგავსად, ხმელთაშუა ზღვისპირეთიდანაა წარმოშობით. როგორც ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი, ისიც ეთერზეთოვანი მცენარეა. ლათინური სახელი ზღვასთანაა დაკავშირებული, რადგან ეს მცენარე ხშირად ზღვისპირა კლდეებზე ხარობს და ზღვის ცვარი ნამავს.

ანტიკურ ხანაში, დაფნის მსგავსად, ისიც სიმბოლური დანიშნულების მცენარე იყო და ძირითადად ხსოვნის სიმბოლოდ გამოიყენებდნენ. ერთი ლეგენდის თანახმად კი, ეგვიპტეისკენ ლტოლვილ წმინდა ოჯახს როზმარინის დიდ ბუჩქთან შეუსვენია და ღვთისმშობელს ყრმა იესო მის ქვეშ ქვებზე მიუწვენია. თეთრყვავილებიან ბუჩქს ფერი შეუცვლია და ყვავილები ცისფერი გამხდარა. ცისფერი ქრისტიანობაში ღვთაებრივი სიმართლისა სა სიბრძნის სიმბოლოა.

მცენარის ნედლი ყლორტები ან ხმელი ფოთლები გამოიყენება კულინარიაში: პურ-ფუნთუშეულების წარმოებაში, მარინადებში და სხვადასხვა კერძების სანელებლად. ეთერზეთს იყენებენ მედიცინაში, ფარმაციაში არომათერაპიაში: მატონიზირებლად, სტრესის მოსახსნელად, მეხსიერებისსა თუ მხედველობის გასაუმჯობესებლად. მასში გამომუშავებული აქროლადი ნივთიერებები ირგვლივ თრგუნვენ სტაფილოკოკის, ობისა თუ სხვა მავნე მიკროორგანიზმების განვითარებას. ეთერზეთების შემცველობა მცენარეში მაქსიმუმს წელიწადში ორჯერ აღწევს: სრული ყვავილობისას (აპრილ-მაისში) და თესლის მომწიფებისას შემოდგომით).

ფრთოდაა გავრცელებული სამხრეთ ევროპაში, დეკორატიული და კულინარიული დანიშნულებით კი მთელ მსოფლიოში. საქართველოში კარგად ხარობს ბარში, სადაც მკაცრი სიცივე არ იცის. ვერ იტანს დიდ თოვლს. მისთვის საჭიროა მზიანი ადგილი და მიწის ზომიერი ტენიანობა, თუმცა ხანმოკლე გვალვასაც ადვილად იტანს. ჩრდილში სუსტდება, იწოწება და მეჩხერდება. ეთერზეთებსაც ნაკლებს გამოიმუშავებს. ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ მომთხოვნი არ არის თუმცა ნოყიერ მიწაში უკეთ იზრდება და ფერიც უფრო ხასხასა აქვს. პერიოდულად უნდა გადაიჭრას ხოლმე, რომ კარგად დაიბუჩქოს და კომპაქტური ფორმა მიიღოს. ნებაზე მიშვების შემთხვევაში ტოტები თავისივე სიმძიმისგან იხრებიან და ბუჩქს გადაფაჩხული ფორმა ეძლევა. ამიტომ ფორმირება უმჯობესია: ახალი ნაზარდი უმრავლდება და დეკორატიულ ფორმასაც ინარჩუნებს. ჭრიან გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე, და, თუ საჭიროა, ზაფხულშიც, იმ შემთხვევაში, თუ ზრდა ინტენსიურია და ბუჩქი ფორმას ჰკარგავს.

ხშირად როზმაინს ქოთანშიც ზრდიან. ეს გამართლებულია მანამ, სანამ მცენარე პატარაა და დიდი კვების არე არ სჭირდება. რამდენიმე წლის შემდეგ, უმჯობესია, ღია გრუნტში გადარგათ, რომ არ დაიჩაგროს და ფორმა არ დაკარგოს.

მავნებლები როზმარინს არ ეტანებიან, მხოლოდ სოკოვანმა დაავადებებმა შეიძლება დააზიანონ იმ შემთხვევაში, როცა განათება ან განიავება აკლია. მაგრამ კარგ პირობებში, მზიან ადგილზე მოზარდი როზმარინი, სადაც კარგი აერაციაცაა, ადვილად არ დაავადდება.

როზმარინი ადვილად მრავლდება ტოტის კალმებით. შეგიძლიათ გამერქნებული ტოტი გადაჭრათ და პირდაპირ მიწაში დააფესვიანოთ. ხშირად, გადაზრდილი და მიწაზე დაფენილი ტოტები იქვე ფესვიანდება და ბუჩქი თავისით იზრდება სიგანეში. თუმცა ასეთი ნაზარდი სრულიად არადეკორატიულია. მკაცრ ზამთარში წაყინვებისგან დაზიანებული ტოტები, გაზაფხულზე გადაჭრის შემდეგ, ადვილად აღიდგენს ძალ-ღონეს და ინტენსიურად აგრძელებს ზრდა-განვითარებას.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on skype
Share on telegram
  • რეგისტრაცია
გთხოვთ შეიყვანეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტის მისამართი ქვემოთ მოცემულ ველში, ჩვენ გამოგიგზავნით ლინკს ახალი პაროლის შესაქმენლად.